ფსორიაზი

მთავარი / ფსორიაზი

ფსორიაზი - იგი ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადება. დაავადებას სხვადასხვა კლინიკური ფორმა ახასიათებს. ყველაზე ხშირია ბალთოვანი ფსორიაზი. ტიპიური ფსორიაზული ბალთა წარმოადგენს შემოსაზღვრულ წრიულ ან ოვალურ ინფილტრირებულ ჰიპერემიულ გამონაყარს, რომელიც დაფარულია მოვერცხლისფრო-თეთრი ქერცლით. იგი ლოკალიზებულია თავის თმიან მიდამოში (ყურების უკან), კიდურების მომხრელ ზედაპირებზე (უპირატესად იდაყვებზე და მუხლებზე), დუნდულებზე, გავის არეში და სასქესო ასოზე. შეიძლება დაზიანება აღინიშნებოდეს ფრჩხილებზე, წარბებზე, იღლიებში, ჭიპისა და ანოგენიტალურ მიდამოებში.

იშვიათად დაავადება განიცდის გენერალიზაციას. ქავილი არ არის დამახასიათებელი. ფრჩხილების დაზიანება აღენიშნება პაციენტთა 30-50% და კლინიკურად წააგავს სოკოვან ინფექციას. ფრჩხილის დაზიანება ხშირად წინ უსწრებს კანზე გამონაყარს და შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფრჩხილის ფირფიტაზე სათითესმაგვარი ჩანაჭდევებით, ონიქოლიზისით (ფრჩხილის ფირფიტის აცლა ფრჩხილის საწოლიდან), ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზით, დაზოლვით, სისხლჩაქცევებით და სხვ.

სხვა კლინიკური ფორმებიდან მნიშვნელოვანია ფსორიაზული ართრიტი, რომელიც პაციენტთა 5-10% აღენიშნება და შეიძლება გამოხატული იყოს ერთი ან რამდენიმე სახსრის ანთებით. ერითროდერმული ფსორიაზის (ექსფოლიაციური ფსორიაზული დერმატიტი) შემთხვევაში კანის მთელი საფარი წითელია და დაფარულია ნაზი ქერცლებით. ტიპიური ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება არც იყოს. მას შეიძლება თან ახლდეს ზოგადი სისუსტე და საჭირო იყოს სტაციონარული მკურნალობა.

პუსტულოზური ფსორიაზი ხასიათდება სტერილური პუსტულებით ხელის და ფეხის გულებზე (ბარბერის ფსორიაზი), ან მთელ სხეულზე (ვონ ცუმბუშის ტიპი), ტიპიური ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება არ იყოს.

ნაოჭების ფსორიაზი აზიანებს ინტერტრიგინოზულ არეებს იღლიის, საზარდულისა და სარძევე ჯირკვლის არეების ჩათვლით. იგი ჩვეულებრივ უფროსი ასაკის ავადმყოფებში გვხვდება. ხელისა და ფეხის გულების ფსორიაზი შესაბამისი ლოკალიზაციისაა და გამოხატულია ჰიპერკერატოზით, ან შეიძლება შედგებოდეს პუსტულებისლოკალური ჯგუფებისაგან. წვეთისებური ფსორიაზი გვხვდება ახალგაზრდა ასაკში, ვითარდება მწვავედ, განსაკუთრებით ყელის მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის შემდეგ. იგი ლოკალიზებულია სხეულზე და კიდურებზე გაფანტულად მდებარე მცირე ზომის პაპულების სახით.

Pharmaceris R სახის დამატენიანები კრემი მშრალი, ნორმალური და მგრძნობიარე კანისთვის SPF 15 4415

Pharmaceris R სახის დამატენიანები კრემი მშრალი, ნორმალური და მგრძნობიარე კანისთვის SPF 15 4415